საერთაშორისო კოლაბორაციის სამუშაო ჯგუფის სემინარი
- 24 თებერვალი 2020
საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია (აბასთუმნის ობსერვატორია) ჩართულია რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობაში, რომელთაც 2019 წლის აპრილიდან დაემატა კიდევ ერთი - GRANDMA კოლაბორაცია https://grandma.lal.in2p3.fr/. პროექტში ჩართულია 9 ქვეყნის 22 სამეცნიერო დაწესებულების 25 ტელესკოპი, აბასთუმნის ობსერვატორიის ორი ტელესკოპის ჩათვლით. სამეცნიერო თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს მუდმივი პატრულირება LIGO/VIRGO ინტერფერომეტრების მონაცემთა ბაზების სიახლეებზე და დაუყოვნებელი რეაგირება გრავიტაციული ტალღების ახალი წყაროს ოპტიკური შესატყვისის დაფიქსირების მიზნით.
24-28 თებერვალს, საქართველოში, ქ. თბილისში, ტარდება GRANDMA კოლაბორაციის სამუშაო ჯგუფის სემინარი. სემინარს ესწრება 16 მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ჩეხეთიდან, ავსტრალიიდან და აშშ-დან.