შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში
- 14 თებერვალი 2020
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ადმინისტრაციასთან და მეცნიერ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ობსერვატორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც ყველა მეცნიერ თანამშრომელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების გზით მიმდინარეობს.
შეხვედრის დასაწყისში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს პოლიტიკაა აბასთუმნის ობსერვატორიის, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო დაწესებულების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, ხარისხის ამაღლება და გლობალურ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების გაძლიერება.
ნუნუ მიცკევიჩის თქმით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება გაზრდის აბასთუმნის ობსერვატორიის ავტონომიურობის ხარისხს. სამინისტროს მისიაა რეორგანიზაციის პროცესში ხელი შეუწყოს ობსერვატორიის მთავარი მმართველი ორგანოს – სამეცნიერო საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც იქნება უმაღლესი ლეგიტიმაციისა და ავტონომიის მქონე ორგანო და პასუხისმგებელი ობსერვატორიის შემდგომ განვითარებაზე. სამეცნიერო საბჭო განსაზღვრავს აბასთუმნის ობსერვატორიის ნიშასა და როლს მსოფლიო მასშტაბით, რის საფუძველზეც მოხდება მისი ტექნიკური აღჭურვა, მოდერნიზაცია და განვითარება აკადემიური მიმართულებით. ასევე, საბჭო წარმართავს ყველა იმ პროცესს, რომელიც აბასთუმნის ობსერვატორიის ინფრასტრუქტურული განვითარებისკენ იქნება მიმართული.
ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცებული საშტატო განრიგის საფუძველზე პირველ ეტაპზე კონკურსები გამოცხადდება მთავარი მეცნიერ თანამშრომლების შესარჩევად. საკონკურსო კომისია კი დაკომპლექტდება მაღალი ნდობის მქონე პროფესიონალი მეცნიერებით, რომლებიც კონკურსის გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩატარებას უზრუნველყოფენ.
აბასთუმნის ობსერვატორია, როგორც სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე უნივერსიტეტებს ექნებათ შესაძლებლობა, სასწავლო პროცესში გამოიყენოს ობსერვატორიის რესურსები.
შეხვედრის ბოლოს ნუნუ მიცკევიჩმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ობსერვატორიის განვითარება იქნება საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი, რომელსაც სხვა კვლევითი დაწესებულებებიც გაიზიარებენ.
ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განთქმულია მსოფლიოს მასშტაბით და მის ბაზაზე 80 წელზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები.