მიმდინარეობს საიტის განახლება

ახალი საგამოფენო ექსპოზიცია: მეტეორიტების და იმპაქტიტების კოლექცია

ახალი საგამოფენო ექსპოზიცია: მეტეორიტების და იმპაქტიტების კოლექცია

ობსერვატორიის საგამოფენო სივრცეს მეტეორიტებისა და იმპაქტიტების კოლექცია შეემატა.

საგამოფენო ექსპოზიცია აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან მოპოვებულ უნიკალურ მეტეორიტულ და იმპაქტურ ნიმუშებს, რომლებიც ვიზიტორებს კოსმოსური მატერიის მრავალფეროვან და შთამბეჭდავ ისტორიას აცნობს.

კოლექციაში წარმოდგენილია როგორც მეტეორიტები, ასევე, იმპაქტური წარმოშობის ბუნებრივი მინა - ტექტიტები და იმპაქტიტები, რომლებიც დედამიწაზე კოსმოსური სხეულების შეჯახების შედეგად წარმოიქმნება.

კოლექციაში შედის:

Aletai - რკინის მეტეორიტის ნამსხვრევი რკინა-ნიკელის შემადგენლობითა და ოქტაჰედრიტული სტრუქტურით. აღმოჩენილია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ალთაის რეგიონში.

Campo del Cielo - რკინის მეტეორიტის ნამსხვრევი რკინა-ნიკელის შემადგენლობით და ვიდმანშტატენის სტრუქტურით. აღმოჩენილია არგენტინის რესპუბლიკაში.

Tsarev - ქვის მეტეორიტის ფირფიტა სილიკატური ქონდრულებითა და ნაწილობრივ რეკრისტალიზებული სტრუქტურით. აღმოჩენილია რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ვოლგოგრადის რეგიონში.

NA869 - ქვის მეტეორიტის ნამსხვრევი, სილიკატური ქონდრულებისა და რკინის სულფიდების შემცველობით. აღმოჩენილია მაროკოს სამეფოში.

ლიბიის უდაბნოს მინა - იმპაქტიტური ბუნებრივი მინა, მაღალი SiO₂ შემცველობით და ამორფული სტრუქტურით. აღმოჩენილია დასავლეთ საჰარაში.

ტაილანდური ტექტიტი - იმპაქტიტური ბუნებრივი სილიკატური მინა, მინად ქცეული ქანური სტრუქტურით. აღმოჩენილია ტაილანდის სამეფოში.

კოლექცია ხელმისაწვდომია ობსერვატორიის ვიზიტორებისთვის დღის ასტროტურის და საგანმანათლებლო ვიზიტების ფარგლებში.

ექსპოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც დაინტერესებულია კოსმოსითა და მეტეორიტებით.