ჩატარდა ახალგაზრდული კონფერენცია
- 19 ივნისი 2024
2024 წლის 17 ივნისს სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისში - მიხეილ ვაშაკიძის სახელობის სხდომათა დარბაზში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია ასტრონომიაში, დევიზით: „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის". კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა ობსერვატორიის დირექტორის მოადგილემ, ბიძინა ჩარგეიშვილმა. კონფერენციის თავმჯდომარე იყო ბატონი გიორგი ქურხული.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ ობსერვატორიის ახალგაზრდა მეცნიერები: გულსუნ დუმბაძე და ანა ტაბატაძე; ილიას უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი ნოდარ ჭეიშვილი; სკოლის მოსწავლეები: გაბრიელ ყირმელაშვილი (თბილისის #182 საჯარო სკოლა), ნინო ჭელიძე (თბილისის #116 საჯარო სკოლა), ანასტასია პრიხოდკო (თბილისის #145 საჯარო სკოლა), ანდრია ჯაფარიძე (თბილისის #155 საჯარო სკოლა). მოხსენებები მოიცავდა ასტროფიზიკის ფართო თემატიკას - მზე და მზის სისტემა, ვარსკვლავები და ვარსკვლავთ გროვები, გარე კოსმოსური სადამკვირვებლო მისიები და თვითნაკეთი ტელესკოპები.
კონფერენციას ესწრებოდნენ ობსერვატორიის თანამშრომლები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. მოხსენებებმა დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩაიარა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სხდომის ბოლოს უხუცესმა ასტრონომმა, ბატონმა შალვა საბაშვილმა მომხსენებლებს სამახსოვრო დიპლომები გადასცა ობსერვატორიის დირექტორის სახელით, ხოლო სკოლის მოსწავლეები დამატებით დააჯილდოვა მისი ავტორობით გამოცემული წიგნით „სახალისო ასტრონომია“.
დირექტორის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ობსერვატორიის თანამშრომლებს და მათ შორის შალვა საბაშვილს, გიორგი ქურხულს, გიორგი ჯავახიშვილსა და ნათელა ოღრაპიშვილს წლის განმავლობაში ყოველკვირეული ლექცია-სემინარების რეგულარული ჩატარებისთვის და ახალგაზრდული კონფერენციის ორგანიზებისთვის. მზაობა გამოითქვა მომავალში ახალგაზრდული კონფერენციების ყოველწლიურად ჩატარების ტრადიციის დამკვიდრებისთვის.