ჩატარდა მასწავლებელთა მომზადების კურსი ასტრონომიაში: NASE-473
- 23 ივნისი 2025
2025 წლის 17-18 ივნისს თბილისში, ობსერვატორიის ორგანიზებით, წარმატებით ჩატარდა ასტრონომიის მასწავლებელთა მომზადების კურსი, რომელიც წარმოადგენდა NASE (Network for Astronomy School Education) მასწავლებელთა საერთაშორისო ტრენინგ-სერიის 473-ე ღონისძიებას.
კურსში მონაწილეობდნენ პედაგოგები საქართველოს 13 მუნიციპალიტეტიდან: ქარელი, ლაგოდეხი, გორი, კასპი, ჩოხატაური, რუსთავი, ყვარელი, ბათუმი, დედოფლისწყარო, ბორჯომი, გარდაბანი, მარტვილი და მესტია.
ტრენინგის პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს და სწავლების ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებას. სასწავლო პროცესი წარიმართა პროფესიონალ ასტრონომებთან და განათლების ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ტრენინგის სრული ციკლი, გადაეცათ NASE-ს საერთაშორისო სერთიფიკატები, რაც ადასტურებს მათ მზაობას ასტრონომიის სწავლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
ობსერვატორია აგრძელებს აქტიურ მუშაობას მეცნიერების პოპულარიზაციისა და განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. დაგეგმილია მსგავსი ინიციატივების გაგრძელება, რათა ასტრონომიული თემატიკის სწავლება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით.