ევგენი ხარაძის 115-ე იუბილე
- 30 ოქტომბერი 2022
2022 წლის 31 ოქტომბერი გამოჩენილი ქართველ ასტრონომისა და საზოგადო მოღვაწის, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამაარსებლის და 60 წლის მანძილზე უცვლელი დირექტორის, აკადემიკოსს ევგენი ხარაძის 115-ე დაბადების დღეა.
ბატონი ევგენის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის, სამეცნიერო დარგებად ჩამოყალიბება და განვითარება. ობსერვატორიის დირექტორობის პარალელურად, სხვადასხვა წლებში იგი ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, უნივერსიტეტის ასტრონომიის კათედრას, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, არჩეული იყო საბჭოთა კავშირის მეცნერებათა აკადემიის წევრად და საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტად.
ბატონი ევგენის მრავალმხრივი საქმიანობის მიუხედავად ობსერვატორია მუდამ იყო მისი განსაკუთრებული ზრუნვისა და სიყვარულის ობიექტი. ამჟამად ობსერვატორია სიამაყით ატარებს მისი დამაარსებლის - ევგენი ხარაძის სახელს.
ვულოცავთ ობსერვატორიის თანამშრომლებს, ბატონი ევგენის შთამომავლებს, ასტრონომიის მოყვარულებსა და ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას, სასიქადულო მამულიშვილის აკადემიკოს ევგენი ხარაძის იუბილეს!