საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

ქ. თბილისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეები ობსერვატორიაში

ქ. თბილისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეები ობსერვატორიაში

2025 წლის 28 მაისს, ობსერვატორიის თბილისის ოფისში სტუმრად იყვნენ ქ. თბილისის N45 საჯარო სკოლის VII-X კლასის ასტრონომიით დაინტერესებული მოსწავლეები პედაგოგ ნ. რამიშვილის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგანმანათლებლო-საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის ასტრონომიისადმი ინტერესის გაღრმავებასა და დარგის პოპულარიზაციას. შეხვედრას უძღვებოდნენ გამოცდილი ასტრონომები - ბატონები გიორგი ჯავახიშვილი და გიორგი ქურხული. მათ მოსწავლეებს გააცნეს ასტრონომიის ძირითადი საფუძვლები და ცის საინტერესო ობიექტები. საგანმანათლებლო საუბარს თან ახლდა ვიზუალური მასალა - ფოტო და ვიდეო თვალსაჩინოებები, რაც მოსწავლეებს დაეხმარა წარმოდგენა შეექმნათ კოსმოსის მრავალფეროვნებაზე და ასტრონომიის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის დამაარსებლის აკად. ევგენი ხარაძის სახელობის მემორიალური ოთახი. მათ, ასევე, საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ობსერვატორიის დაარსებისა და განვითარების ამსახველ ფოტო მასალას. ვიზიტი განსაკუთრებულად გაამდიდრა ღვაწლმოსილი ასტრონომის, ბატონი შალვა საბაშვილის მიერ მოყოლილმა საინტერესო ამბებმა აკადემიკოსის ცხოვრებიდან და სამეცნიერო მოღვაწეობიდან.

საჯარო სკოლის მოსწავლეების ობსერვატორიაში ვიზიტების სერიის მიზანია ახალგაზრდებში კვლევითი ინტერესის გაღვივება და მოტივაციის ზრდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ.