მიმდინარეობს საიტის განახლება

ობსერვატორიის მემკვიდრეობა - ალექსანდრე მაიერის დაბადების 100 წლის იუბილე

ობსერვატორიის მემკვიდრეობა - ალექსანდრე მაიერის დაბადების 100 წლის იუბილე

საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია აღნიშნავს ობსერვატორიის მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ფურცელს - ალექსანდრე კარლოს ძე მაიერის დაბადების 100 წლის იუბილეს.

ალექსანდრე მაიერი 1956 წლიდან შეუდგა მუშაობას აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში, სადაც იგი წლების განმავლობაში ხელმღვანელობდა ოპტიკო-მექანიკურ ლაბორატორიას: იგი იყო არა მხოლოდ ობსერვატორიის ტექნიკური სული და გული, არამედ მისი ინჟინერი, ოპტიკოსი, მექანიკოსი, გამომგონებელი, ასტრონომების იმედი და მეგობარი.

ალექსანდრე მაიერის სახელი, ცხოვრება და მოღვაწეობა მჭიდროდ უკავშირდება ობსერვატორიის განვითარების მრავალწლოვან ისტორიას და ქართული ასტრონომიის მიღწევებს - იგი მუშაობდა ასტრონომიული ხელსაწყოებისა და ოპტიკური სისტემების სრულყოფაზე, მუდმივად ეძებდა ტექნიკურ სიახლეებსა და გაუმჯობესებებს.

საინტერესო ფაქტია, რომ იგი პროფესიული საქმიანობის მიღმაც ნერგავდა ახალ მიდგომებსა და ორიგინალურ გადაწყვეტებს: სწორედ მის მიერ იყო შემუშავებული ორმაგი ტურბინის კონსტრუქციის სანადირო ტყვია, რომელიც დღეს ცნობილია „მაიერის ტყვიის“ სახელწოდებით.

ბატონი ალექსანდრე სიცოცხლის ბოლომდე რჩებოდა ობსერვატორიის სამსახურში – „სამსახურიდან არ მაგდებენ, ალბათ, ჯერ ისევ ვჭირდები ობსერვატორიასო,“ – ღიმილით ამბობდა იგი 85 წლის ასაკში. ეს სიტყვები არა მხოლოდ თავმდაბლობის, არამედ მისი პროფესიული ერთგულების გამოხატულებაა.

დღეს, როდესაც ვიხსენებთ ალექსანდრე მაიერს, ვიხსენებთ არა მხოლოდ დიდ პროფესიონალს, არამედ ადამიანს, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა მეცნიერებას, ტექნიკას და კოლეგების სამსახურს. მისი მემკვიდრეობა ცოცხლობს ობსერვატორიის თითოეულ დეტალში, თითოეულ მექანიზმში, თითოეულ დაკვირვებაში. ალექსანდრე მაიერი ღირსეულ ადგილს იკავებს ობსერვატორიის ისტორიის მუზეუმში, სადაც საქართველოს ასტრონომიული მემკვიდრეობაა წარმოდგენილი.