ობსერვატორიის თბილისის ოფისის პრეზენტაცია და აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის სახელობის კაბინეტის გახსნა
- 28 სექტემბერი 2021
სსიპ-საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში შედგა თბილისის ოფისის პრეზენტაცია და გაიხსნა აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძის სახელობის კაბინეტი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, ობსერვატორიის, სამეცნიერო და უმაღლესი დაწესებულებების თანამშრომლები, ბატონი ჯუმბერ ლომინაძის ოჯახის წევრები.
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა ობსერვატორიის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მისი ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 10 მილიონი ლარი გამოყო.
მიხეილ ჩხენკელი: „მთელი გულით გილოცავთ ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისის გახსნას. მოხარული ვარ, რომ მეცნიერებს სამუშაოდ ღირსეული პირობები შეექმნათ. ასევე, ძალიან მახარებს, რომ ობსერვატორიაში დაიწყო ფუნდამენტური ცვლილებები. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ უკვე გამოყო თანხები მისი ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის. ეს არის ახალი ეტაპი ობსერვატორიის ისტორიაში, რომელიც ახალ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს მისცემს დასაბამს.
თბილისის ოფისის შენობაში ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის მოეწყო სამუშაო ოთახები და საკონფერენციო დარბაზი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა 750 ათას ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ოფისი აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით. უახლოეს მომავალში ობსერვატორიის თბილისის ოფისში გაიხსნება ევგენი ხარაძის სახელობის კაბინეტი.
ღონისძიების ფარგლებში ობსერვატორიის დირექტორმა რევაზ ჭანიშვილმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია მხარეთა შორის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, ერთობლივი საგრანტო პროექტების განხორციელება სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა ჩართულობით, ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზება, მეცნიერების პოპულარიზაციისკენ მიმართულ პროექტების განხორციელება ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში ობსერვატორია მხარს დაუჭერს უნივერსიტეტში დარგობრივი სადოქტორო პროგრამ(ებ)ის განხორციელებას, გარდა ამისა, ობსერვატორიაში დასაქმებულ მეცნიერებს საშუალება ექნებათ უხელმძღვანელონ უნივერსიტეტის სტუდენტებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების შესასრულებლად.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე თევზაძის ინიციატივით, ახალგაზრდა მეცნიერებისათვის ფულადი ჯილდოები დაწესდება – ჯუმბერ ლომინაძის ჯილდო ასტროფიზიკაში (2000 ლარი), მიხეილ ვაშაკიძის ჯილდო – ასტრონომიაში (2000 ლარი), ევგენი ხარაძის ჯილდო კი – ასტროფიზიკასა და ასტრონომიაში (4000 ლარი).
ბატონმა მინისტრმა, ობსერვატორიის დირექტორმა რევაზ ჭანიშვილმა, ობსერვატორიის სამეცნირო საბჭოს თავმჯდომარემ აკადემიკოსმა გიორგი ჩაგელიშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ივანე კიღურაძემ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და ბატონი ჯუმბერის შვილმა გოგა ლომინაძემ თბილად მოიგონეს ბატონი ჯუმბერი და მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტები, აღნიშნეს მისი დიდი დამსახურება ქართული მეცნიერების განვითარებაში.