ოთარ ჭედიას ნეკროლოგი
- 23 დეკემბერი 2024
გარდაიცვალა დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ობსერვატორიის თანამშრომელი, ფართოდ ერუდირებული და უაღრესად კეთილსინდისიერი ადამიანი, ფიზიკა - მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი ოთარ ჭედია. მან ობსერვატორიის პლაზმური ასტროფიზიკის განყოფილებაში მუშაობა დაიწყო ფაქტიურად დღიდან მისი დაარსებისა. ბატონი ოთარი იყო საქართველოში თეორიული ასტროფიზიკის სკოლის ჩამოყალიბების თანამონაწილე. თავისი კეთილშობილი, მშვიდი და მეგობრული ბუნებით ალამაზებდა ჩვენს მეცნიერულ ცხოვრებას. იგი სამეცნიერო კვლევებს აწარმოებდა ჯ. ლომინაძესთან, ე. წიქარიშვილთან, გ. მაჩაბელთან, ჯ. ჯავახიშვილთან, გ. ჩაგელიშვილთან და თ. კახნიაშვილთან ერთად. მისი კვლევის ინტერესს წარმოადგენდა მაგნიტური ველის გენერაციის მექანიზმი რელატივისტურ პლაზმაში, კერძოდ კი, კიბორჩხალის ნისლეულის მაგნიტური ველის გენერაციის პრობლემა. ობსერვატორიის საქმიანობის შემდეგ, მან მუშაობა გააგრძელა პედაგოგიური მიმართულებით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
ობსერვატორიის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მეგობრისა და კოლეგის, ბატონი ოთარ ჭედიას გარდაცვალების გამო და იზიარებენ მისი მეუღლის, ჩვენი კოლეგის, ქალბატონ თინათინ კახნიაშვილისა და მათი ქალიშვილის, ანა-მარია ჭედიას მწუხარებას.