საიტზე მიმდინარეობს ინფორმაციის განთავსება

შეხვედრა ფაზისის აკადემიასთან

2024 წლის 12 აპრილს სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისში ჩატარდა ობსერვატორიის თანამშრომლების და ფაზისის აკადემიის წევრების შეხვედრა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ობსერვატორიის დირექტორმა, ნაჩვენები იქნა ვიდეოკლიპი ფაზისის აკადემიის დაარსებაზე.

შეხვედრის ძირითადი დრო დაეთმო ობსერვატორიის თანამშრომლის, ასტრონომისა და პოეტის, პროფესორ შალვა საბაშვილის ვრცელ საჯარო ლექციას თემაზე „რას შეისწავლის ასტრონომია“. მოხსენებაში ვრცლად გაშუქდა ასტრონომიის მიერ დედამიწის ცივილიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილი, მეცნიერების, ცხოვრების და ცოდნის სხვადასხვა სფეროებთან მრავალრიცხოვანი კავშირები, აგრეთვე სხვადასხვა ეპოქების ძირითადი ასტრონომიული აღმოჩენები. ლექციის დასრულებისთანავე ბატონმა შალვამ ამომწურავი პასუხი გასცა მრავალრიცხოვან კითხვებს და დამსწრეთა თხოვნით წაიკითხა საკუთარი ლექსი.

დასასრულს ფაზისის აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა გია კვაშილავამ და აკადემიის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ბატონ შალვას საინტერესო ლექციისთვის და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოსურათები ობსერვატორიის თანამშრომლებთან ერთად.