ბიურაკანისა და აბასთუმნის XVI ერთობლივი კოლოქვიუმი
- 13 სექტემბერი 2024
ა.წ. 23-27 სექტემბერს, სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია), მთა ყანობილზე, ჩატარდება ბიურაკანისა და აბასთუმნის ობსერვატორიების ერთობლივი რიგით მე-16 კოლოქვიუმი. ერთობლივი კოლოქვიუმების ჩატარების ტრადიციას საფუძველი ჩაუყარეს გამოჩენილმა მეცნიერებმა, აკადემიკოსებმა ევგენი ხარაძემ და ვიქტორ ამბარცუმიანმა 1974 წელს. მე-16 კოლოქვიუმი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი ასტრონომის, 35 წლის განმავლობაში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოადგილის, პროფესორ ვიქტორ ჯაფიაშვილის 100 წლის იუბილეს. კოლოქვიუმზე წარმოდგენილი იქნება 40-მდე მოხსენება - ქართველი და სომეხი ასტროფიზიკოსების გარდა, კოლოქვიუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და საფრანგეთიდან.