დავით კობაიძის მოხსენება
- 25 სექტემბერი 2023
სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში (აბასთუმანი), ა.წ. 26 სექტემბერს, 12:00 სთ-ზე გაიმართება სემინარი შემდეგ თემებზე:
1) „ALMA-ს Band 6-ის დაკვირვებები მახლობელ რადიოგალაქტიკებზე”;
2) „არაწრფივ გარემოში სინათლის იმპულსების ურთიერთმედების რიცხვითი მოდელირება”.
მომხსენებელი გახლავთ, ობსერვატორიის თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის განყოფილების ასისტენტ-მკვლევარი, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის - „ასტროზიკა და პლაზმის ფიზიკის“ მე-2 კურსის სტუდენტი, დავითი კობაიძე.
1-ლი თემის ანოტაცია:
მოხსენების ფარგლებში გამოკვლეულია რადიოასტრონომიული ობსერვატორია ALMA-ს მიერ მიღებული მონაცემების დამუშავების შედეგები. დაკვირვებები განხორციელდა NGC 3557, NGC 3100, NGC 612 აქტიურ გალაქტიკურ გულებზე. მიღებულ იქნა სინქროტრონული გამოსხივების შედეგად წარმოქმნილი უწყვეტი სპექტრი ორგანზომილებიანი გამოსახულების სახით, სადაც იკვეთება დისკი-ჯეტის (ჭავლის) სტრუქტურა. ასევე, გაანალიზებულია 12CO(2-1) მოლეკულური გადასვლისას გამოსხივებული ხაზები და მიღებულია მომენტების გამოსახულებები.
მე-2 თემის ანოტაცია:
მოხსენებაში ძირითადად განხილულია ელექტრომაგნიტური სოლიტონების დრეკადი და არადრეკადი დაჯახებები. საკითხის შესასწავლად გამოყენებულია შრედინგერის არაწრფივი განტოლება, რომელიც ამოხსნილია რიცხვითად ფსევდო-სპექტრალური მეთოდის საშუალებით. ასევე, განხილულია მოდულაციური არამდგრადობის რეჟიმი სხვადასხვა ტიპის იმპულსებისთვის.