შალვა საბაშვილის მოხსენება
- 24 აპრილი 2024
მიმდინარე წლის 19 აპრილს, ქ. ქუთაისში, ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში, დირექტორის ბატონი გენადი მარგველაშვილის მოწვევით ობსერვატორიის მეცნიერების პოპულარიზაციის დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა, ბატონმა შალვა საბაშვილმა წაიკითხა ვრცელი ლექცია ასტრონომიის, როგორც მეცნიერების როლზე საზოგადოების განვითარებაში. ლექციაზე, სადაც V – XI კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, გაშუქდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ასტრონომიის როლი დედამიწის ცივილიზაციის მიღწევებში, მისი ამოცანები ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთებში, დროის აღრიცხვის შექმნა, დედამიწის გეომეტრიულ-ფიზიკური პარამეტრების დადგენა, ახლო კოსმოსის სტრუქტურა და მისი კოსმოგონიური მახასიათებლების განსაზღვრა, სხვადასხვა ეპოქების ასტრონომიული აღმოჩენები, ვარსკვლავთა კატალოგების შექმნა, გეოცენტრულ და ჰელიოცენტრულ კოსმოლოგიათა წარმოშობა, ტელესკოპური ასტრონომიის განვითარება, ცის მექანიკის ჩამოყალიბება, კოსმოსურ სხეულთა გარეატმოსფერული დაკვირვებები, გალაქტიკური და გარეგალაქტიკური კვლევები; ხაზი გაესვა ასტრონომიის უმჭიდროეს კავშირს ფიზიკასთან, ქიმიასთან, ბიოლოგიასა და სხვა მეცნიერებებთან, აგრეთვე, კოსმოსურ სხეულთა და კოსმოსურ პროცესთა დიდ როლს და გავლენას დედამიწის ბიოსფეროზე.
მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა მრავალი შეკითხვა მსმენელების მხრიდან. წამყვანმა მასწავლებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მოსმენილი საკითხებიდან მოსწავლეებს არაერთი თემა შეუძლიათ აქციონ დამოუკიდებელი და გაღრმავებული შესწავლის საგნად. ერთ-ერთი მოსწავლის შეკითხვის პასუხად მომხსენებელმა დაასახელა უმნიშვნელოვანესი ასტრონომიული აღმოჩენები.
ბატონმა შალვამ მსმენელებს უამბო ობსერვატორიაში მოქმედი ყოველკვირეული ასტრონომიული სკოლისა და სამომავლო გეგმების შესახებ, რაც გულისხმობს ასტრონომიით განსაკუთრებულად დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საზაფხულო სკოლების მოწყობას მთა ყანობილზე.