მე-5 სემინარი
- 4 ივნისი 2024
2024 წლის 5 ივნისს (ოთხშაბათს), 18:00-ზე, სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის თბილისის ოფისში, ჩატარდება სემინარი შემდეგ თემაზე:
- მსხვილმასშტაბიანი როსბის ტალღები ვარსკვლავებზე.
მომხსენებელია:
- დოქ. მარიამ ალბექიონი – ობსერვატორიის მზისა და მზის სისტემის განყოფილების ასისტენტ-მკვლევარი.
ანოტაცია
როსბის ტალღები, იგივე r-მოდები, განაპირობებენ დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანეების მსხვილმასშტაბიან დინამიკას. ამიტომ, მათი შესწავლა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს. ბოლო წლებში მოხდა როსბის ტალღების დაკვირვება მზესა და ვარსკვალავებზე, რამაც გააღვიძა მათი თვისებების თეორიულად შესწავლის ინტერესი სხვადასხვა ასტროფიზიკურ სიტუაციაში.
ნაშრომის მიზანია როსბის ტალღების თვისებების შესწავლა მზისა და ვარსკვლავების წიაღში.
კვლევის ფარგლებში, შესწავლილია როსბის ტალღები ერთგვაროვნად მბრუნავი ვარსკვლავებში ტემპერატურის რადიალური ცვლილების გათვალისწინებით. შედეგებმა უჩვენეს, რომ ვერტიკალური მოდები ძირითადად თავმოყრილნი არიან ზედაპირულ შრეში, რომლის სისქეც რამდენიმე ათეული სიმკვრივის მახასიათებელი სიღრმის ტოლია. შემდეგ, რადიალური განტოლებიდან მიღებული ექვივალენტური სიღრმის მნიშვნელობები გამოვიყენეთ ჰორიზონტალური განტოლების ამოსახსნელად და მივიღეთ შესაბამისი დისპერსიული თანაფარდობები როსბის, როსბი-გრავიტაციული და ინერციულ-გრავიტაციული ტალღებისთვის. ჰორიზონტალური ამონახსნები აღმოჩნდნენ კონცენტრირებულნი ეკვატორის მიდამოში და წარმოადგენენ ეკვატორულად ჩაჭერილ ტალღებს. ასევე ვაჩვენეთ, რომ ტალღების სიხშირეები დამოკიდებულია ვერტიკალურ ტემპერატურულ გრადიენტსა და ვარსკვლავის ბრუნვის სიხშირეზე.
შესაბამისად, ვარსკვლავების სინათლის მრუდებში დაკვირვებული ტალღის სიხშირეები, ვარსკვლავის ცნობილ პარამეტრებთან ერთად (რადიუსი, ზედაპირის გრავიტაციული აჩქრება, ბრუნვის პერიოდი), შესაძლებლობას მოგვცემს შევაფასოთ ტემპერატურული გრადიენტი ვარსკვლავების წიაღში. ამიტომ, როსბის ტალღები შეიძლება განვიხილოთ, როგორც დამატებითი ინსტრუმენტი ასტეროსეისმოლოგიისთვის გრავიტაციულ და აკუსტიკურ ტალღებთან ერთად.